საქართველოს შესახებ

საქართველო, ეს არის უძველესი კულტურის ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე. აქ შეუდარებლად არის შერწყმული ამ ორი კონტინენტის ყველა მხარე, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის საქართველოში მოგზაურობას! ოდითგანვე საქართველოზე გადიოდა მრავალი სავაჭრო გზა მათ შორის აბრეშუმის გზა, რაც აქტუალურს ხდიდა მის გეოგრაფიულ მდებარეობას რომელიც დღემდე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისთვის. ეს გეოგრაფიული მდებარეობა, კულტურის და ეთნიკურობის მრავალფეროვნება კარგად ჩანს საქართველოს დედაქალაქში - თბილისში. თბილისის დაარსების ლეგენდა უკავშირდება ვახტანგ გორგასალს, ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, მეფე თავისი ამალით სანადიროდ ყოფილა ამ ტყეში, მეფის მიმინო თავს დასხმია ხოხობს, ბრძოლის დროს ცხელ წყალში ჩავარდნილან და ორივე დაფუფქულან, ასეთი ბუნებრივი სამკურნალო ცხელი წყლების შესახებ მეფეს სპარსეთიდან სმენია, ამიტომ ბრძანა აქ ტყე გაეჩეხათ და ქალაქი გაეშენებინათ. მას „ტფილისი“ უწოდეს. საქართველოს უნიკალური ბუნება აძლევს ტურისტებს საშუალებას იმოგზაურონ დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონაში დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით. მთელი წლის მანძილზე ტურისტებს აქვთ საშუალება დალაშქრონ საქართველოს კუთხეები, დატკბნენ ხელშეუხებელი ბუნებით, ისიამოვნონ ქართული სტუმართმოყვარეობით, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინოები, დააკვირდნენ ფლორას და ფაუნას, ითევზაონ დაცულ ტერიტორიებზე, მოინახულონ ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი უშგული, დალაშქრონ სამთო-სათხილამურო კურორტები, ისიამოვნონ ბუნებრივი მინერალური წყლებით, გაირუჯონ შავ ზღვაზე, მოინახულონ იუნესკოს ძეგლები. თუ გსურთ ბოლომდე შეიგრძნოთ საქართველოს სილამაზე აუცილებლად უნდა ესტუმროთ am ზღაპრულ ქვეყანას. საქართველოს ბუნებრივი გარემო ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებულია მსოფლიოში. ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები მოიცავს საქართველოს ტერიტორიის 7%. დაცული ტერიტორიების 75% დაფარულია ტყით. საქართველოში არსებობს 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 17 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტი.